რეზნიკოვი – დასავლეთის მიერ მოწოდებულ იარაღს ყირიმში გამოვიყენებთ
17/08/2022 12:18:30 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ კიევისთვის მიწოდებულ იარაღს ყირიმში გამოიყენებენ.
„გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ თუ დღეს ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ყირიმში ორი აფეთქება მოხდა. დილით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, კიდევ ერთი აფეთქება სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა. ყირიმში აფეთქების შესახებ ცნობები 9 აგვისტოსაც გავრცელდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, "საკის" აეროდრომზე რუსული თვითმფრინავები განადგურდა, იერიშის უკან კი უკრაინა იდგა.


