პოდოლიაკი ყირიმში აფეთქებების სერიას პროგნოზირებს
16/08/2022 19:40:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების სერიას პროგნოზირებს.
მისი თქმით, შესაძლოა, უფრო მეტი ისეთი თავდასხმა მოხდეს მომდევნო ორ-სამ თვეში, როგორსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ყირიმში.
"ვეთანხმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც უახლოეს ორ, სამ თვეში ყირიმის აფეთქებების მსგავსი ტიპის ინციდენტებს პროგნოზირებს. ჩვენი სტრატეგია არის ლოჯისტიკის, მიწოდების ხაზების, საბრძოლო მასალის და სამხედრო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების განადგურება. უკრაინა ჩართულია კონტრშეტევაში, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსის შექმნას რუსულ ძალებში ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში დამპყრობლების მიწოდების ხაზებზე დარტყმით", – განაცხადა პოდოლიაკმა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მიერ მოწოდებული შორი დისტანციის რაკეტების დახმარებით უკრაინა იმედოვნებს, მტერს ძალას გამოაცლის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ყირიმში ორი აფეთქება მოხდა. დილით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, კიდევ ერთი აფეთქება სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა.ყირიმში აფეთქების შესახებ ცნობები 9 აგვისტოსაც გავრცელდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, "საკის" აეროდრომზე რუსული თვითმფრინავები განადგურდა, იერიშის უკან კი უკრაინა იდგა.


