მედია – ყირიმიდან რუსეთისკენ მანქანების რეკორდული რაოდენობა გაემართა, რაც მიუთითებს, რომ 2014 წლის ანექსიის შემდეგ რეგიონში ჩასახლებული რუსების ნაწილი ახლა გარბის
16/08/2022 16:53:38 მსოფლიო
მანქანების რეკორდულმა რაოდენობამ გადაკვეთა ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც The Guardian იტყობინება, რეგიონიდან მანქანების ასეთი რაოდენობით გადინება მიუთითებს, იმაზე, რომ 2014 წლის ანექსიის შემდეგ ყირიმში ჩასახლებული რუსების ნაწილი ახლა რეგიონიდან გარბის.
"15 აგვისტოს ყირიმის ხიდის გავლით რუსეთის მიმართულებით 38 297 მანქანა გადაადგილდა, იუწყება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS საგზაო მართვის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით. ეს არის მანქანების რეკორდული რაოდენობა, რაც ერთ დღეში დაფიქსირდა. მაინტერესებს დღეს რეკორდი დამყარდება თუ არა", – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ყირიმში ორი აფეთქება მოხდა. დილით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, კიდევ ერთი აფეთქება სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა.ყირიმში აფეთქების შესახებ ცნობები 9 აგვისტოსაც გავრცელდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, "საკის" აეროდრომზე რუსული თვითმფრინავები განადგურდა, იერიშის უკან კი უკრაინა იდგა.


