
თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელი არ დააკმაყოფილა
16/08/2022 08:37:01 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო კომისიის 12 აგვისტოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვით, სენაკში შუალედური არჩევნებია ჩანიშნული.
პროცესზე მოსამართლეს განმარტება არ გაუკეთებია. საია-ში ამბობენ, რომ მისი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და ორგანიზაცია ცესკო-ს წინააღმდეგ დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.
"სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გადაწყვტილებაზე არ გაუკეთებია. დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, მხოლოდ ის ვიცით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე გვაქვს ორდღიანი გასაჩივრების ვადა და აუცილებლად გამოვიყენებთ მას, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში", - ამბობს საია-ს წარმომადგენელი.
ორგანიზაციის აზრით, 6 თვის განმავლობაში სენაკის საკრებულოს არშეკრება უკვე არის ავტომატური საფუძველი ამ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისათვის, ხოლო ცესკოს მიერ არალეგიტიმური ორგანოს შემადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება.
ცესკო-ს განკარგულებით, პირველ ოქტომბერს სენაკის საკრებულოში ერთი დეპუტატის გადარჩევა უნდა მოხდეს.