"საქართველოს რკინიგზა": "კომპანიამ 2022 წლის 1 ნახევარი 161 მლნ ლარის მოგებით დაასრულა"
15/08/2022 11:12:20 ეკონომიკა
"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.
იგივე თქვა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზეც.
ოფიციალური ინფორმაციით:
- "საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა.
- გაუმჯობესებული მაჩვენებლები გადაზიდვების რეკორდული ზრდითა და სამგზავრო გადაყვანების მატებით არის გამოწვეული.
- რაც შეეხება, თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ხარჯებს, მათი ჯამური მაჩვენებელი 97 მილიონი ლარია.
- 2021 წლის მე-3 კვარტალში კომპანიამ 12,000-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი გაუზარდა, რაც სახელფასო ხარჯებში აისახა, ხოლო საშუალო ხელფასმა 1300 ლარზე მეტი შეადგინა.
- წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.
- ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს - 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს - 40 მილიონი ლარით აღემატება".


