მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან
14/08/2022 17:03:41 პოლიტიკა, მსოფლიო
მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს:
"რუსი სამხედროების და შეიარაღების განთავსება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიუღებელია და წარმოადგენს უსაფრთხოების პრინციპებისა და რისკების პრევენციის იგნორირებას, რომელთა პატივისცემის ვალდებულება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა ქვეყანამ აიღო. [...] უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს".
განცხადებაზე ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ გმობენ რუსეთის მცდელობას, დეზინფორმაციით გაამართლონ საკუთარი უკანონო ქმედებები უკრაინაში.
ერთობლივი განცხადება შემუშავებულია ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ.


