Accentnews.ge
გახარია - ალიევს: "აზერბაიჯანში ვიზიტი შემთხვევითი არ არის"

გახარია - ალიევს: "აზერბაიჯანში ვიზიტი შემთხვევითი არ არის"

09/10/2019 09:20:01 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის. 

"პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები",- განაცხადა გახარიამ. 

ამავე წყაროს ცნობით, გახარიას ვიზიტი აზერბაიჯანში ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

„ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, შეეხო თუ არა საუბარი საზღვრის დადგენისა და დავით-გარეჯის თემებს. 

ცნობისთვის: ვიზიტამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელშიც ილია მეორე გიორგი გახარიას თხოვს ჩარევას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ სადავო საკითხში:

„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო და სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია. ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება. ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება”.

უახლოეს ხანში თბილისში უნდა ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების სხდომა, რომელსაც წინ უძღოდა ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე.

სახელმწიფო კომისიების მუშაობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მოლაპარაკება 2019 წლის მაისიდან განახლდა. კომისიების მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

6 ოქტომბერს, აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ახალი ნაწილი განთავსდა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S