ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: "სალმან რუშდი ცოცხალია და ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი"
12/08/2022 18:33:07 მსოფლიო
ნიუ–იორკის შტატის გუბერნატორი კეიტი ჰოქული აცხადებს, რომ მწერალი სალმან რუშდი ცოცხალია და ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი.
მისი თქმით, დაჭრილია ლექციის მოდერატორიც.
მწერალი სალმან რუშდი ნიუ–იორკში, სცენაზე გამოსვლისას ცოტა ხნის წინ დაჭრეს. უცხოური მედიის ცნობით, სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი დაესხა თავს.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
სალმან რუშდი დაიბადა ინდოეთში. იგი ინგლისურენოვანი მწერალია. ირანში იგი მიჩნეულია, როგორც "ღვთის დამგმობი". აკრძალულია მისი რომანის „სატანური ლექსები“ გამოქვეყნება. 1989 წელს ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ მწერლის სიკვდილით დასჯის განკარგულება გამოსცა.


