გერჰარდ შრედერი ბუნდესტაგს უჩივის
12/08/2022 08:43:07 მსოფლიო
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა ბერლინის ადმინისტრაციულ სასამართლოში ბუნდესტაგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ყოფილი კანცლერი ითხოვს ბერლინში, ბიუჯეტიდან დაფინანსებული პირადი ბიუროს და თანამშრომელთა შტატის დაბრუნებას, რომელიც ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყოფილი კანცლერისთვის განკუთვნილ პრივილეგიებთან ერთად, მაისში ჩამოერთვა.
"ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილება, შეემცირებინა შრიოდერს თანხები ბუნდესტაგში მისი ოფისის აღჭურვისთვის და ოფისის მუშაობის შეჩერება, უკანონოა",- ნათქვამია იურიდიული ფირმის განცხადებაში.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, ისევე როგორც შრედერი, მხარი დაუჭირა ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეს "ლოგიკური" ნაბიჯი იყო. ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით შრიოდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მზაობა გამოთქვა.
რუსეთთან შრედერის კავშირების გამო საუბარი იყო მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებაც, მაგრამ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ორშაბათს გადაწყვიტა, რომ არ გააძევოს ყოფილი კანცლერი პარტიიდან.
პარტიის საარბიტრაჟო კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოწვეული უნდა იყოს SPD-ის "წესდების, პრინციპების ან წესების" დარღვევით, რაც შემდეგ კომიტეტს საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს, გამოიწვია თუ არა ამგვარმა დარღვევამ მხარისთვის სერიოზული ზიანი.
თავის განცხადებაში კომიტეტმა თქვა, რომ "შეუთავსებელია SPD-ის წევრობასთან" ომისკენ მოწოდება ან შეჭრის გამართლება. თუმცა, პარტიის არბიტრების თქმით, შრედერს ეს არ გაუკეთებია.


