
ვარკეთილში, ერთ–ერთი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს
11/08/2022 17:49:59 საზოგადოება
ვარკეთილში, მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, დღეს კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
როგორც თბილისის მერიაში განმარტეს, ევაკუაცია კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო გახდა აუცილებელი.
მერიაში ამბობენ იმასაც, რომ შენობის ავარიულობის შესახებ მცხოვრებლები რამდენჯერმე გააფრთხილეს და ქირით გასვლა შესთავაზეს.
სამგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განმარტებით, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე:
„მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.
კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.
ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.