
"საქართველო რუსეთის გაზსა და დენზე დამოკიდებული არ არის"
11/08/2022 09:38:50 საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქართველო არ არის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული. მან მედიაცენტრ "მთავარში" ახსნა სქემა, რისი მიხედვით არჩევს საქართველო ქვეყანას, რომლისგანაც ენერგორესურსებს ყიდულობს.
"ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტული თვის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს. როგორც წესი, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში, გააჩნია რომელ პერიოდში რომელ ქვეყანას რა ფასის შეთავაზება შეუძლია. ამდენად, ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში", - აცხადებს ნარმანია.
მისი თქმით, 2022 წლის მაისსა და ივნისში უხვი ნალექის გამო საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა იმაზე მეტი ენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ელექტრო ენერგიის გამომუშავების კუთხით დეფიციტური თვეები დგება, რადგან ჰიდროელექტროსადგურებს დაგროვებული წყლის მარაგები არ ჰყოფნით და ამავდროულად, ზამთრის პერიოდში იზრდება მოხმარების მაჩვენებელიც.
სხვადახვა მედიები უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ წერდნენ, რომ საქართველომ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდა. აქვე აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა დენის ყველაზე დიდი მომწოდებელია. თუმცა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც "აი ფაქტმა" დაამუშავა წერია, რომ გასულ წელს საქართველომ სულ 15,3 მილიარდი კვტ.სთ ენერგია მოიხმარა. აქედან მხოლოდ 8% იყო რუსეთიდან იმპორტირებული. 2015-2020 წლებში მოხმარებული ელ.ენერგიიდან რუსეთიდან შემოტანილი ენერგიის წილი 4 %–ია.