Accentnews.ge
აშშ ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

აშშ ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

11/08/2022 06:50:30 მსოფლიო

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ბელარუსში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის, დემოკრატიული პროცესის შეფერხების გამო.

"ეს ადამიანები მუშაობენ ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (KGB), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურ ოფისში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში, მაღალი თანამდებობების მქონე პირები. სანქციები შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარ დირექტორატს (GUBOPiK), ეროვნული სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ბელტელერადიოს, მეორე ეროვნული ტელევიზიას, საჰაერო ძალებს და საჰაერო თავდაცვის ძალებს", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ასევე, სანქციები შეეხება პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, აღმასრულებელი კომიტეტების წევრებს და სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრატორებს.

"2020 წლიდან ბელარუსში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის" მიზეზით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები 297 ბელორუს მოქალაქეს დაუწესა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს ორ გვარს, რომლებსაც სანქციები შეეხებათ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და შინაგანი ჯარების მეთაური მიკალაი კარპიანკოუ და მინსკის ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის სპეციალური დანიშნულების პოლიციის ძალების (OMON) მეთაური დმიტრი ბალაბა.

"მათ უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები, როცა თვითნებურად და ძალადობრივად დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. ბალაბამ და კარპიანკუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გატარებულ რეპრესიებში. ძალადობრივად დააკავეს ათასობით ადამიანი მათი ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენების, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის გამო. დღევანდელი სანქცია აფართოებს არსებულ შეზღუდვებს კარპიანკუსა და ბალაბას მიმართ და მოიცავს სავიზო შეზღუდვებს მათი ოჯახის წევრების მიმართ. აშშ დგას ბელარუსი ხალხის გვერდით, ვინაიდან ისინი ესწრაფვიან დემოკრატიულ, სუვერენულ და წარმატებულ მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის დაყენების ხელშეწყობას მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას, მოხდეს დარღვევების დოკუმენტირება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა", - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S