ტრამპმა სასამართლოში პასუხებზე უარი განაცხადა
10/08/2022 17:03:28 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ნიუ-იორკის სასამართლოში გამოცხადდა და ფიცი დადო, რომ ილაპარაკებდა მხოლოდ სიმართლეს, თუმცა უარი განაცხადა, პასუხი გაეცა შეკითხვების უმრავლესობაზე, გამოიყენა რა აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორება, რომელიც უფლებას იძლევა, ადამიანმა არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავისა და საკუთარი ნათესავების წინააღმდეგ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
მან დამსწრეთ შეახსენა, რომ ეკუთვნის რესპუბლიკურ პარტიას, მოსამართლე ლეტიცია ჯეიმსი კი, რომელიც უძღვება საქმეს - დემოკრატიულ პარტიას.
ტრამპს ფინანსური მაქინაციებში სდებენ ბრალს. ბრალდების მხარის განცხადებით, ტრამპის კომპანიები საკუთარი აქტივების - სასტუმროების, გოლფის კლუბებისა და სხვა უძრავი ქონების - ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდიდნენ, რათა მიეღოთ მსხვილი კრედიტები. მაგრამ გადასახადებისთვის თავის დასაღწევად მოგებას მალავდნენ.
ორშაბათს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ფლორიდაში მდებარე ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ამოიღო მრავალი დოკუმენტი. მათ შორის ისინი, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაა და რომელთა დაბრუნება ახლახან მოითხოვა აშშ-ის ეროვნულმა არქივმა. ექსპერტების თქმით, თუკი ყოფილი პრეზიდენტის განკარგულებაში უსაფუძვლოდ იმყოფებოდა სახელმწიფო დოკუმენტები, ეს შეიძლება დანაშაულებრივ ქმედებად იქნეს კვალიფიცირებული.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამ მომენტისთვის რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა მიზეზით. ფინანსური მაქინაციებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტების უკანონო ფლობის გარდა, იგი ეჭვმიტანილია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში. ამასთან, მას ბრალი ედება 2021 წლის იანვარში მასობრივი არეულობისკენ წაქეზებაში, როცა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ტრამპის მომხრეები ვაშინგტონის კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.


