
ნევროლოგი– სააკაშვილზე: "პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება, ეს არის სიკვდილის წინა სტადია"
10/08/2022 16:00:48 პოლიტიკა, საზოგადოება
"მიხეილ სააკაშვილის პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება", - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ კლინიკა „ვივამედიში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ექს–პრეზიდენტის მოსანახულებლად, ცენტრ „ემპათიის“ ექიმების სამედიცინო ჯგუფი შევა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფინალური დასკვნა დაიწეროს.
„თითქმის ერთი თვეა, [მიხეილ სააკაშვილი] არ მოგვენახულებინა. ჩემს პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა ლაპარაკი, არ უჭირდა სიარული იმ ხარისხით, რაც დღეს არის. ამიტომ, ალბათ ამ დღეებში ჩვენ მას მოვინახულებთ იმისათვის, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს უკვე ობიექტური შეფასებით. ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახელმწიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადონ სრულ გამოჯანმრთელებამდე.