აშშ უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 89 მლნ დოლარს გამოუყოფს
10/08/2022 06:54:36 მსოფლიო
აშშ უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 89 მლნ დოლარს გამოუყოფს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული დაფინანსება ხელს შეუწყობს გამნაღმველების დაახლოებით 100 ჯგუფის განთავსებას და წვრთნისა და აღჭურვის მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს ფეთქებადი საბრძოლო მასალები.
"თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ისეთი გამოყენება, როგორსაც ჩვენ უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აჭიანურებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილების სახლებში დაბრუნებას და აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დასახიჩრებას”, - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
უკრაინის მთავრობის შეფასებით, ფეთქებადი მასალების ნარჩენებით შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიის 160 000 კვადრატული კილომეტრი იყოს დაბინძურებული.


