CNN – რუსები ირანული "დრონების" მართვას სწავლობენ
10/08/2022 06:24:22 მსოფლიო
ბოლო კვირებში რუსი სამხედროები ირანში ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვას ეუფლებიან, – იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, "აღნიშნული მოწმობს, რომ რუსეთი მართლაც აპირებს ირანული წარმოების "დრონების" შეძენას“.
ივლისში CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია ირანში რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. ვიზიტის მიზანი ირანული წარმოების "შაჰედ-191" ტიპისა და "შაჰედ-192" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობა იყო. "დრონებს" მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების გადატანა შეუძლია.
ამის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკული მონაცემებით, ირანი მზად არის, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიჰყიდოს უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში გამოსაყენებლად.
უკრაინის ომში უპილოტო აპარატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უკრაინა საჰაერო თავდასხმებისთვის წარმატებით იყენებს თურქულ "Bayraktar"-ებსა და ამერიკულ "დრონებს" მაშინ, როცა რუსეთი ადგილობრივი წარმოების „ორლანებით“ სარგებლობს საჰაერო დაზვერვისა და ელექტრონული ომის საწარმოებლად.


