ყირიმში თავდასხმა მოხდა სამხედრო აეროდრომსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე– რუსული მედია
09/08/2022 13:11:10 მსოფლიო
რუსული მედია ანექირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყება.
სოციალურ ქსელში კვამლის ამსახველი კადრები გავრცელდა. სქელი შავი კვამლი ჩანს შავი ზღვის სანაპიროდანაც.

რუსული „კომერსანტი“ ნოვოფედოროვკის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა მოხდა ნიტკას სამხედრო აეროდრომსა და საბრძოლო მასალის საცავებზე საკისა და ნოვოფედოროვკას მახლობლად.
„აეროდრომთან აფეთქებები იყო. პირველი აფეთქების ხმა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაისმა. სულ ათამდე იყო“, - განუცხადა „კომერსანტს“ წყარომ.
ადგილობრივებმა უკრაინულ მედიას აცნობეს, რომ აფეთქებების ხმა ჯერ კიდევ ისმის და სავარაუდოდ, ინციდენტი საწყობში მოხდა.
ტელეგრამის არხმა Mash on the Wave თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "იწვის საბრძოლო მასალების საწყობი და ცეცხლია მოდებული ასაფრენ ბილიკზე ნოვოფედოროვკაში".
აეროდრომზე აფეთქებების შესახებ იუწყება საკის რეგიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიქტორია კაზმიროვა:
„აეროდრომი გვიფეთქდება. აფეთქებებია აეროდრომზე. აქ ყველა ფანჯარა დაიმსხვრა“, - ციტირებს კაზმიროვას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS.
ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა და გარემოებები ზუსტდება. ყირიმის „ხელმძღვანელის“ მრჩეველმა კი ზოგადად დაადასტურა რამდენიმე აფეთქების ფაქტი ნოვოფედოროვკას რაიონში:
"ჯერჯერობით შემიძლია, მხოლოდ დავადასტურო ფაქტი, რომ რამდენიმე აფეთქება მოხდა ნოვოფედოროვკას რაიონში. ყველას ვთხოვ, დაელოდოს ოფიციალურ ანგარიშს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის სამხედრო აეროდრომზე საბრძოლო მასალის აფეთქება მოხდა.


