გამოკითხვა: „რუსების 60% მხარს დაუჭერს "კიევზე ახალ თავდასხმას", თუმცა 62%–ს მონაწილეობის პირადად მიღება არ სურს“
09/08/2022 10:15:26 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაძლო გადაწყვეტილებას „კიევის წინააღმდეგ ახალი შეტევის“ წამოწყების შესახებ რუსების 60% დაუჭერს მხარს, იმავდროულად, გამოკითხულთა 65% ასევე დასთანხმდებოდა პრეზიდენტის განზრახვას სამშვიდობო შეთანხმების დადებისა და ომის დასრულების თაობაზე,– ამგვარია სოციალური კვლევის სამსახურის Russian Field გამოკითხვის შედეგები, რომელსაც რუსული „კომერსანტი“ აქვეყნებს.
გამოკითხვის ავტორები აღნიშნავენ, რომ შედეგები შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რესპონდენტთა რეალურ აზრს, ვინაიდან „რუსებს ეშინიათ ამ თემაზე საუბრის“. მათი თქმით, გაიზარდა გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი და შემცირდა გულწრფელობა.
ჯამში, გამოკითხულთა ნახევარი უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრე იყო, 38% კი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლას. ე.წ. სპეცოპერაციას, როგორც რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდებენ, მხარდაჭერის საერთო დონე 69%–ია, გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედი მას ეწინააღმდეგება, კიდევ 8%–ს უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.
მოსაზრება, რომ უკრაინაში ომი გაჭიანურდა, გამოკითხულთა 59%–ს აქვს, 28 პროცენტი კი სხვაგვარად ფიქრობს. გამოკითხვის მონაწილეთა 30%–ს მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, 20% იმედოვნებს, რომ ის დასრულდება ექვს თვეში, ხოლო 13% საომარი მოქმედებების შეწყვეტას ერთ-ორ თვეში ელის.
გამოკითხული რუსების 62%–ს სჯერა, რომ ომი წარმატებით ან „საკმაოდ წარმატებით“ მიმდინარეობს. საპირისპირო აზრი აქვს 19%–ს.
გამოკითხულ მამაკაცთა 62% პროცენტმა განაცხადა, რომ არ არის მზად, პირადად მიეღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში მსგავსი შესაძლებლობის შემთხვევაში.
მაისში ანალოგიურ კითხვაზე მსგავსი პასუხი 55%–მა გასცა. გამოკითხულთა 29%–მა გამოთქვა სურვილი „სპეციალურ ოპერაციაში“ მიღების სურვილი, რომელთა ერთი მესამედი 45-დან 59 წლამდე ასაკის იყო.


