ტრამპი: "ფლორიდაში ჩემი სახლი FBI-ს აგენტებმა გაჩხრიკეს"
09/08/2022 06:21:12 მსოფლიო
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფლორიდაში მისი სახლი FBI-ს აგენტებმა გაჩხრიკეს და სეიფი გატეხეს.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჩხრეკა დაკავშირებულია ოფიციალურ დოკუმენტებთან, რომელიც ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა თეთრი სახლიდან წაიღო.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა კრისტინა ბობმა NBC-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს რამდენიმე დოკუმენტი ამოიღეს.
ტრამპის თქმით, იგი თანამშრომლობდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, ამიტომაც "გამოუცხადებელი რეიდი არ იყო საჭირო ან მიზანშეწონილი".
იგი ამბობს, რომ "მართლმსაჯულების სისტემას იარაღად" იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ, საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ კენჭი იყაროს.
"ასეთი თავდასხმა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა გახდა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც კორუმპირებულია იმ დონეზე, რაც აქამდე არ გვინახავს", - აღნიშნავს ტრამპი.
CBS News აღნიშნავს, რომ ჩხრეკის დროს ტრამპი ნიუ-იორკში, "ტრამპ ტაუერში" იმყოფებოდა.
თებერვალში ეროვნულმა არქივმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო სააგენტოა და პრეზიდენტის დოკუმენტებს ინახავს, იუსტიციის სამინისტროს მიმართა, ტრამპის მიმართ გამოძიება დაეწყო იმის გამო, თუ როგორ ექცევა იგი ოფიციალურ დოკუმენტებს. ეროვნულ არქივში განაცხადეს, რომ მარ-ა-ლაგოს სახლიდან დოკუმენტების 15 ყუთი ამოიღეს, რომელთაგან ნაწილი საიდუმლო ჩანაწერებს წარმოადგენდა.
როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ ყველა თავისი წერილი, სამსახურებრივი დოკუმენტი თუ ელექტრონული წერილი ეროვნულ არქივს გადასცეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბევრი დოკუმენტი უკანონოდ დახია.
თავად ტრამპი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ ეს "ფეიკია".
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CBS-ს უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩხრეკის შესახებ არაფერი იცოდა.
ეროვნული არქივის დოკუმენტების საქმის გარდა ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ტრამ,პის კავშირებს იძიებს.


