უკრაინა რეზნიკოვის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების დაკავების შესახებ იუწყება
08/08/2022 16:42:31 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) განცხადებით, უწყების წარმომადგენლებმა დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც, თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის მკვლელობებს გეგმავდნენ.
SBU-ს ცნობით, "სამართალდამცავებმა გაანეიტრალეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი".
"თავდამსხმელები ემზადებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და ჩვენი სახელმწიფოს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ასევე ცნობილი უკრაინელი აქტივისტის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის. თითოეული მათგანის მკვლელობისთვის რუსი "კურატორები" შემსრულებლებს 100-დან 150 ათას დოლარამდე ფულად ჯილდოს შეჰპირდნენ", - აცხადებენ SBU–ში.
რუსულ მხარეს ამ ცნობაზე ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


