მედია – დასავლეთში პუტინ–ერდოღანის კავშირების გაღრმავების გამო თურქეთისთვის შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ
08/08/2022 16:29:49 მსოფლიო
დასავლეთის დედაქალაქებში სულ უფრო მზარდია შეშფოთება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის კავშირების გაღრმავების გამო, რაც ზრდის ნატო–ს წევრი სახელმწიფოს მიმართ ერთგავრი სადამსჯელო ზომების შესაძლებლობას, თუ ის რუსეთს საერთაშორისო სანქციებისგან თავიდან აცილებაში დაეხმარება, – იუწყება The Financial Times დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
"დასავლეთში შეშფოთებულნი არიან თურქეთისა და რუსეთის ლიდერების დაპირებით, გააღმავონ თანამშრომლობა ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში", – განუცხადა გამოცემას ექვსმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.
იმ შემთხვევაში თუ ანკარა მოსკოვს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება, ერთ–ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნებმა მოუწოდონ, თავიანთ კომპანიებსა და ბანკებს, დატოვონ თურქეთი.
"ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ "ევროკავშირი უფრო და უფრო ყურადღებით აკვირდება თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს“. სამმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჯერ არ გაუმართავს ოფიციალური დისკუსია თურქეთისთვის შესაძლო შედეგების შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ევროკავშირის ოფიციალური გადაწყვეტილება გამოწვევა იქნება, ბლოკში არსებული სხვადასხვა პოზიციების გათვალისწინებით. თუმცა ევროკავშირთან შეთანხმების გარეშეც კი, ზოგიერთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ზომების მიღება.
"მაგალითად, მათ შეუძლიათ, მოითხოვონ შეზღუდვები ვაჭრობის დაფინანსებაზე ან მსხვილ ფინანსურ კომპანიებს თურქული კომპანიების დაფინანსების შემცირება სთხოვონ. მე არ გამოვრიცხავ რაიმე ნეგატიურ ქმედებას, თუ თურქეთი ძალიან დაუახლოვდება რუსეთს", – განაცხადა კიდევ ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.
ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში, დაზარალდებიან "მეორადი სანქციებით". აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ივნისში შეხვდა თურქ ოფიციალურ პირებს და სტამბოლის ბანკირებს, რათა გააფრთხილებინა ისინი, არ გამხდარიყვნენ უკანონო რუსული ფულის გამტარნი", – იუწყება The Financial Times.


