"სამწუხაროდ, ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას, მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის"
08/08/2022 14:18:19 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ცდილობს, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში. ამის შესახებ მან ანკარაში ელჩების რიგით მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამდა დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის“, – განაცხადა ერდოღანმა
თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ დიალოგი ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დასაწყებად, რომელიც არ განხორციელებულა.


