ჩინეთი სამ ზღვაში და ტაივანთან ახალ სამხედრო წვრთნებს პარალელურ რეჟიმში ატარებს
08/08/2022 09:54:14 მსოფლიო
ჩინეთი სამ ზღვაში და ტაივანთან ახალ სამხედრო წვრთნებს პარალელურ რეჟიმში ატარებს. კერძოდ, ტაივანის სიახლოვეს 4–დღიანი მანევრები ჩინეთმა გუშინ დაასრულა, თუმცა დღეიდან ახალი სწავლება დაიწყო.
გარდა ამისა, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს სამ ზღვაში ერთდროულად ატარებს.
ყვითელ ზღვაში, რომელიც მდებარეობს ჩინეთსა და კორეის ნახევარკუნძულს შორის, ახალი სამხედრო წვრთნები შაბათიდან დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძლედება. მანევრები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით ტარდება.
ამასთან, შაბათს ჩინეთმა დაიწყო ერთთვიანი სამხედრო ოპერაცია ბოჰაის ზღვის ერთ–ერთ რაიონში - ყვითელი ზღვის ჩრდილოეთით.
კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარეობს. ჩინეთის განცხადებით, მანევრები დღეიდან, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაიწყო.
ჩინეთის წვრთნების გააქტიურება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მოჰყვა. პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი მაღალჩინოსნების ვიზიტებს ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.


