"თუ რუსეთი „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის მოლაპარაკებების შესაძლებლობას დახურავს"
08/08/2022 09:03:41 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმებს" ჩაატარებს რუსეთთან ამ ტერიტორიების მიერთების თემაზე, ვერავითარი მოლაპარაკებები ვეღარ ექნება უკრაინასა და მის საერთაშორისო მოკავშირეებთან.
"თუ ოკუპანტები ფსევდორეფერენდუმების გზით წავლენ, ისინი უკრაინასა და თავისუფალ სამყაროსთან მოლაპარაკების ნებისმიერ შანსს დაიხურავენ, რომელიც რუსეთის მხარეს გარკვეულ მომენტში აშკარად დასჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, დააჩქაროს უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მიზნით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმების" ჩატარების საკითხი. წინასწარ თარიღად 11 სექტემბერი სახელდება, თუმცა ის, შესაძლოა, შეიცვალოს ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით.
რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თანახმად, "[უკრაინის] წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო“.
24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ - ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დასაწყებად, რომელიც არ განხორციელებულა.


