გუტერეში – რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დაბომბვაზე: "მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა"
08/08/2022 05:53:54 მსოფლიო
გაერო–ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ათწლეულების შემდეგ ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა.
„ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა არის თვითმკვლელობა“, - განაცხადა გუტერეშმა ტოკიოში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
გენერალური მდივნის თქმით, გაერო მხარს უჭერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აღნიშნულ ატომურ ელექტროსადგურზე სტაბილიზაციის პირობების შექმნისკენ.
მან მოუწოდა ყველას, რომ საერთაშორისო ინსპექტორებს მიეცეთ წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე.
უკრაინამ განაცხადა, რომ შაბათს რუსეთის განახლებულმა დაბომბვამ დააზიანა 3 რადიაციული სენსორი და დაშავდა ელექტროსადგურის თანამშრომელი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი "ბირთვულ ტერორში" დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ უფრო მეტი საერთაშორისო სანქციის დაწესება მოითხოვა.


