მელიტოპოლის მერი: "უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში განლაგებული რუსების დისლოკაციის პუნქტები HIMARS-ით დაბომბეს"
08/08/2022 05:44:49 მსოფლიო
მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი აცხადებს, რომ "უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განლაგებული რუსების დისლოკაციის პუნქტები HIMARS-ით დაბომბეს".
„100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც დროებით ყაზარმებში იმყოფებოდა, „კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო“, - აცხადებს მერი.
ბოლო კვირების განმავლობაში კიევმა ხერსონში მტრის სამიზნეებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. შეტევები რიგ შემთხვევაში ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS–ით განხორციელდა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


