უკრაინის პორტებიდან სიმინდითა და სხვა საკვები პროდუქტებით დატვირთული კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა
08/08/2022 04:55:05 მსოფლიო
უკრაინის პორტებიდან კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა, რომლებზეც 170 000 ტონა სიმინდი და სხვა საკვები პროდუქტებია დატვირთული.
44 000 ტონა სიმინდით დატვირთული ხომალდი "Riva Wind" და 66 000 ტონა სიმინდით დატვირთული გემი "Glory" თურქეთისკენ მიემართება. გემს, სახელწოდებით "Star Helena" 45 000 ტონა საკვები პროდუქტი ჩინეთისკენ მიაქვს, 6 000 ტონა მზესუმზირის ზეთით დატვირთული ხომალდი "Mustafa Necati" კი იტალიისკენ მიდის.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა.
22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.


