ერდოღანი პუტინს ბოლო 17 დღეში მეორედ ხვდება
05/08/2022 08:43:52 მსოფლიო
დღეს, 5 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა სოჭს, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან. ეს ბოლო 17 დღის განმავლობაში თურქეთისა და რუსეთის ლიდერების მეორე შეხვედრა იქნება.
როგორც თურქული მედია აღნიშნავს, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხია თურქეთის შეიარაღებული ძალების „ახალი ანტიტერორისტული ოპერაციის მომზადება ჩრდილოეთ სირიაში“.
ერდოღანმა არაერთგზის განაცხადა სირიის შესახებ 2019 წლის რუსეთ-თურქული შეთანხმების შესრულების მნიშვნელობის შესახებ. ამ 10-პუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რუსეთმა აიღო ვალდებულება, PKK-YPG-ის სირიული ფრთის თურქეთის საზღვრებიდან გაყვანის თაობაზე, რაც სრულად შესრულებული არაა.
გარდა ამისა, ერდოღანი და პუტინი განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომის თემებს, მათ შორის მარცვლეული საკითხს.
ამასთან, როგორც თურქული მედია წერს, თურქეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის, თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის, თავდაცვის მრეწველობის კუთხით და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.


