ჩინეთის არმიამ სამხედრო წვრთნებისას ტაივანთან პირობითი საზღვრის ხაზი გადაკვეთა
05/08/2022 07:21:19 მსოფლიო
ჩინეთის არმიის რამდენიმე გემმა და თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა, რომელიც არაოფიციალურ საზღვრად ითვლება.
აღნიშნული ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ უკიდურესად პროვოკაციულ აქტად შეაფასა და ტაივანმა სიტუაციაზე მეთვალყურეობის მიზნით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო პატრულირების ძალები, სამხედრო გემები და სარაკეტო კომპლექსები.
ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ტაივანის მახლობლად მიმდინარე წვრთნებისას, ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ტრაექტორია არ დაასახელა, თუმცა, განაცხადა რაკეტები დიდ სიმაღლეზე იყვნენ და საფრთხეს არ ქმნიდნენ.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ჩინეთის არმიის სამხედრო წვრთნებს აკვირდება, განაცხადა, რომ 9-დან 4-მა რაკეტამ ტაივანის დედაქალაქს გადაუფრინა.
ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა ჩინეთის მიერ სამხედრო წვრთნების დაწყებას უპასუხისმგებლობა უწოდა და პეკინს მიმართა, საღი აზრი და თავშეკავება გამოიჩინოს.
ცაი ინვენის განცხადებით, ტაივანის მიზანია სტატუს-კვოს შენარჩუნება და არა ესკალაცია.
ჩინეთმა 4 აგვისტოს დაიწყო სამხედრო წვრთნები ტაივანთან, რომელსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. მანევრებს წინ უძღოდა ტაივანში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი, რომელმაც პეკინის პროტესტი გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტაივანში პელოსის ვიზიტისთვის ოფიციალური მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.
სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტზე ჩინეთის პასუხი პროვოკაციულია და ამით პეკინი ცდილობს არა მხოლოდ ტაივანის, არამედ სხვა მეზობლების დაშინებას.
ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, სამხედრო წვრთნაში, რომელიც 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს, ჩართულია 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 10-ზე მეტი გემი.


