უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 3 გემი გავიდა
05/08/2022 05:25:21 მსოფლიო
დღეს დილით უკრაინის ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 3 გემი გავიდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩერნომორსკის პორტიდან გასულ, თურქეთის დროშით მცურავ გემ "Polarnet"-ს 12 ათასი ტონა სიმინდი მიაქვს თურქეთში, ამავე პორტიდან გასულმა, მალტის დროშით მცურავმა "Rojen"-მა 13 ათასი ტონა სიმინდი უნდა ჩაიტანოს დიდ ბრიტანეთში, ხოლო ოდესის პორტიდან გასულმა, პანამის დროშით მცურავმა გემმა "Navistar"-მა - 33 ათასი ტონა სიმინდი ირლანდიაში.
დანიშნულების ადგილებისკენ გზის გაგრძელებამდე, გემები გაჩერდებიან სტამბოლში, სადაც მათ შეამოწმებენ გაერო–ს, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ოლექსანდრ კურბაკოვი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს არის გემების პირველი ქარავანი, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ დატოვა უკრაინის პორტები.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ გაემგზავრა დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.
22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.


