ივლისში ჩეჩნეთში 17 ადამიანის, მათ შორის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის გატაცების თაობაზე იუწყებიან
04/08/2022 18:23:07 მსოფლიო
ივლისში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში 17 ადამიანი გაიტაცეს, – იუწყება ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT. თუმცა უფლებადამცველების აზრით, სინამდვილეში ეს მაჩვენებელი შეიძლება, უფრო დიდი იყოს.
ოპოზიციური მოძრაობის ანგარიშში დასახელებულია ზოგიერთი გატაცებულის ვინაობაც.
მანამდე, ინტერნეტში გამოქვეყნდა ერთ–ერთი დაკავებულის დაკითხვის კადრები. ღამით გადაღებულ კადრებში კამერის უკან მყოფი პირი, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი მამაკაცს ეკითხება, თუ რატომ დააკავეს. ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ "მას სურდა ბიჭს შეხვედროდა სექსისთვის". ცნობილი გახდა კიდევ ორი ადამიანის გაუჩინარების შესახებ, რომლებიც დაკავებული მამაკაცის საკონტაქტო სიაში იყვნენ. სად არიან ახლა დაკავებულები და არიან თუ არა ისინი ცოცხლები უცნობია.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ირიბად აღიარა მისი კრიტიკოსების ნათესავების გატაცება, მაგრამ უარყო მასში საკუთარი მონაწილეობა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, ადამიანების გაუჩინარების უკან შეიძლება, იდგნენ ისინი, ვინც ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ბლოგერებმა "შეურაცხყვეს". "ჩვენთან სისხლის აღება არავის გაუუქმებია", - განაცხადა კადიროვმა.


