ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი
04/08/2022 16:36:49 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი.
„დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დააბრუნოს ბრიტნი და პოლ უილანი სახლში უსაფრთხოდ, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
მოსკოვის ხიმკის საქალაქო სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და კონტრაბანდაში დამნაშავედ სცნო და საერთო რეჟიმის კოლონიაში 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა სპორტსმენისთვის ცხრა-ნახევარი წლით პატიმრობას მოითხოვდა.
4 აგვისტოს სასამართლოზე თავის ბოლო სიტყვაში გრაინერმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია განზრახვა დაერღვია კანონი
31 წლის გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.
კალათბურთელმა აღიარა, რომ ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯი.
გრაინერის გასამართლება და მისთვის 9 წლით პატიმრობის მისჯა, კრიტიკოსების ვარაუდით, არის მოსკოვის მცდელობა, ვაშინგტონისგან დათმობები მიიღოს უკრაინაში ომის ფონზე.
CNN გრაინერის ერთ-ერთ ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.


