
ასოციაცია – საქართველოში შეფუთული ცემენტის 65% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს
04/08/2022 13:41:18 საზოგადოება
„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ განცხადებით, საქართველოში შეფუთული ცემენტის 65% კვლავ ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და დაბალი ხარისხის ცემენტს ჰყიდის.
„საქართველოს ცემენტის ასოციაცია“ 2017 წლიდან პერმანენტულად ამოწმებს ცემენტის ნიმუშებს.
"ჯამში, ორგანიზაციის განცხადებით, შემოწმებულია ცემენტის 400-მდე ნიმუში. მათი დაახლოებით ერთი მესამედი (კერძო კი 35%) აკმაყოფილებს ან აჭარბებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს (EN197-1 და EN413). საგანგაშოა, რომ სამოცდახუთმა პროცენტმა (65%) ვერ დააკმაყოფილა EN სტანდარტის მოთხოვნები – რაც დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ მომხმარებლები ჯერ კიდევ მოტყუებული რჩებიან როგორც სამშენებლო უსაფრთხოების, ისე ფასის თვალსაზრისით“, – აცხადებს ასოციაცია.
მისი ცნობით, ცემენტის ნიმუშები მოწმდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების ლაბორატორიებში.
„მე-12 ფარული ტესტირების შედეგად, 20 ნიმუშიდან, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტის მოთხოვნები, თხუთმეტი (75%) წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით.
მათ შორის ექვსმა კრიტიკულად დაბალი 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა) აჩვენა;
12 ნიმუშიდან ხუთი (42%) წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, ხოლო 4 ადგილობრივი მწარმოებლის მიერ ადგილობრივი კლინკერის ბაზაზე“, – ამბობენ ასოციაციაში.
„ცემენტის ასოციაციის“ განცხადებით, ეს მიანიშნებს, რომ მომხმარებლები დაბალი ხარისხის ცემენტში იხდიან უფრო მეტს:
ხარისხიანი შეფუთული ცემენტის ფასი — 14.16 ₾/ტომარა
ცემენტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს — 11.15 ₾.
კრიტიკულად დაბალი ხარისხის ცემენტის ფასი — 11.17 ₾.
საშუალოდ მომხმარებელმა თითო უხარისხო ტომარაზე დაზოგა 22%, თუმცა საშუალოდ 50%–ით ნაკლიებ ხარისხიანი პრდუქტი მიიღო“.
ორგანიზაციის ცნობით, მე-12 ფარული ტესტირებისთვის შეფუთული ცემენტის ტომრები თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და აგარაში შეიძინეს.
შემოწმებული 32 ნიმუშიდან ოცდაოთხი (24) წარმოებულია თორმეტი (12) ადგილობრივი კომპანიის მიერ და რვა (8) კი, ოთხი (4) თურქული კომპანიის მიერ.
ერთი (1) ნიმუშის მწარმოებელი უცნობია, რადგან მათ ტომარაზე მწარმოებელზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
შემოწმებული 32 ნიმუშიდან თორმეტმა (38%) დააკმაყოფილა EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნა
მათგან 5 ადგილობრივი მწარმოებელი (9 ნიმუში);
2 თურქული წარმოების (3 ნიმუში).
20 ნიმუშიდან ნახევარმა აჩვენა დაბალი, 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<20 მპა), ხოლო 6-მა (30%) კრიტიკულად დაბალი 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა).
„2022 წლის შედეგები კვლავ ადასტურებს შემაშფოთებელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სეზონის პიკის პირობებში ბაზარზე ხელმისაწვდომია უვარგისი და კრიტიკულად დაბალი ხარისხის შეფუთული ცემენტი, გაზრდილი ოდენობით“, –აცხადებს ასოციაცია.
ასოციაცია კომპანიების სახელებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ინფორმაცია პასუხისმგებელ უწყებებს მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაეგზავნებათ.