„მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებამ დადებითად უკვე იმოქმედა ფასებზე“
04/08/2022 12:40:16 მსოფლიო
„მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების განხორციელების დაწყებამ უკვე დადებითად იმოქმედა სურსათის ბაზრებზე: მარცვლეულის ფასი 440-450 დოლარიდან 350-355 დოლარამდე დაეცა. შემცირდა მარცვლეულის იმპორტზე უშუალოდ დამოკიდებული ქვეყნების პრობლემებიც,– განაცხადა თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ვაჰიტ კირიშჩიმ.
მინისტრმა გაიხსენა, რომ რუსეთი და უკრაინა გლობალური აგრარული ბაზრის ლიდერებს შორის არიან, შესაბამისად, კიევსა და მოსკოვს შორის ნებისმიერი პრობლემა პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალურ ვითარებაზე:
„სტამბოლში 22 ივლისის შეთანხმებამ თავიდან აგვაცილა უფრო დიდი სასურსათო კრიზისი. შეთანხმებას ხელი შეუწყო თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის ძალისხმევამ. პირველი გემი უკვე მიემგზავრება ლიბანისკენ. ვიმედოვნებთ, რომ პროცესს უპრობლემოდ გავაგრძელებთ.
უკრაინის მინისტრმა მაცნობა საწყობებში დაგროვილი 19 მილიონი ტონა მარცვლეულის შესახებ. ეს თითქმის იგივეა, რასაც თურქეთი აწარმოებს წელიწადში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანა. ჩემს უკრაინელ კოლეგასთან გამოვთქვი მზადყოფნა, დავეხმარო საგარეო ვაჭრობაში. თურქეთის გავლით პროდუქციის მიწოდება პროცესს დააჩქარებს“.


