ერდოღანის პრეს–სპიკერი – ამერიკელ კონგრესმენებს: "მივესალმებით აშშ–ის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას F-16–ებზე, იგივეს ველით კონგრესისგან"
04/08/2022 08:30:39 მსოფლიო
ორმხრივი პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რეგიონული ვითარება, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა, ნატო–ში სტრატეგიული კავშირები და სომხეთ–თურქეთის ურთიერთობები – ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელიც თურქეთში ვიზიტისას ამერიკელმა კონგრესმენებმა თურქ მაღალჩინოსანებთან შეხვედრისას განიხილეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამერიკელ კონგრესმენ ჯეისონ ქროუსა და მის თანმხლებ დელეგაციას პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდორანის პრეს–სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა უმასპინძლა.
თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრისას კალინმა თქვა, რომ "ეკონომიკური და თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობისთვის დაბრკოლებების მოხსნა ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების გაუმჯობესებას".
"მივესალმებით აშშ–ის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას F-16–ებზე, იგივეს ველით კონგრესისგან", – მიმართა კალინმა კონგრესმენებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთის როლი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის განხორცილებაში.
"შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური სასურსათო კრიზისის გადასაჭრელად", – განაცხადა ქროუმ.
თავის მხრივ, კალინმა აღნიშნა, რომ ექსპორტზე შეთანხმებას შეუძლია, შექმნას ნდობის გარემო უკრაინა– რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის და დასძინა, რომ თურქეთის მცდელობები ამ მიმართულებით გრძელდება.
"ანკარა გააგრძელებს თავისი პოლიტიკას, რომელიც კმიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე. თურქეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ლეგიტიმური უფლებების დასაცავად კომპრომისზე არ წავა", – დასძინა კალინმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც, თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემები შეიძინა, აშშ–მა ანკარას ამერიკული წარმობის ავიამოიერიშე F-35-ებისა და F-16-ების მიყიდვაზე უარი განუცხადა.
რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, 1 აგვისტოს 26 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთილმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა.
22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.


