თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ „გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას" მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი გადასცა
04/08/2022 07:32:42 ეკონომიკა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, TIKA-მ „გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას" საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმელი.
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაცია" მიმდინარე წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 150-მდე ომის ვეტერანსა და 2 კოოპერატივს აერთიანებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, თურქული მხარის თანადგომით, რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა. TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურმიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.


