ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები 4 აგვისტოს განახლდება
03/08/2022 18:53:37 მსოფლიო
ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მოულოდნელად 4 აგვისტოს განახლდება - იუწყება POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, ევროკავშირი საბოლოო ძალისხმევას იღებს ირანის ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად.
ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები აშშ-დან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან. პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, რადგან ირანი უშუალოდ ოფიციალურ ვაშინგტონთან საუბარზე უარს აცხადებს.
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ენრიკე მორამ, რომელიც მოლაპარაკებებს კოორდინაციას უწევს, „ტვიტერზე“ დაადასტურა ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ დიპლომატიური ძალისხმევის განახლება.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მაღალი თანამდებობის პირები იქნებიან ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, ასევე უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება ის. მედია აღნიშნავს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმაც, წარმატებული იქნება თუ არა აღნიშნული მოლაპარაკებები, რადგან ჯერ კიდევ არის რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი.


