ჩავუშოღლუ: “ჩვენი მიზანი უკრაინაში ომისთვის წერტილის დასმაა”
03/08/2022 17:36:42 მსოფლიო
ანკარა იმედოვნებს, რომ შავი ზღვის გავლით ხორბლისა და სურსათის მიწოდებების საკითხზე მიღწეული შეთანხმება უკრაინის ირგვლივ საბოლოო დარეგულირების მიღწევას დააჩქარებს. ამის შესახებ თურქული დიპლომატიის ლიდერმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთ-ASEAN-ის სექტორალური დიალოგის ფარგლებში გამართულ რიგით მეოთხე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, “ხორბლის დერეფნის” საკითხზე თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მსოფლიოში სურსათის გაიაფებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, უკრაინის ირგლივ საბოლოო დარეგულირების შანსებს გაზრდის.
“ჩვენი მიზანია, ომს წერტილი დავუსვათ” – განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ამ კუთხით თურქეთი ASEAN-ის ქვეყნების მხარდაჭერას გრძნობს.
“სავაჭრო ომებმა, პანდემიამ და უკრაინის ომმა მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. მსოფლიო სავალუტო ფონდმა გლობალური ზრდის პროგნოზი 3,2%-მდე შეამცირა, ხოლო მსოფლიო ბანკი საერთოდაც სტაგნაციას პროგნოზირებს. ამავდროულად, თურქეთის ეკონომიკა მარტო პირველ კვარტალში 7,3%-ით გაიზარდა. ASEAN-ის სახელმწიფოებთან ჩვენი ურთიერთქმედება არსებულ რთულ ვითარებაში მსოფლიო ეკონომიკას დაეხმარება» - დასძინა თურქული დიპლომატიის ლიდერმა.
ცნობისთვის: 22 ივლისს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და გაერო-ს გენმდივნის გუტიერეშის თანდასწრებით გაფორმდა შეთანხმება უკრაინის პორტებიდან ხორბლის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის თაობაზე. დოკუმენტს უკრაინის, რუსეთის, გაერო-სა და თურქეთის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.


