
მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა
03/08/2022 16:50:03 საზოგადოება
ოჯახის წევრები 7 წლის გიორგი დემურიას გარდაცვალებაში ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ.
მათი თქმით, ბავშვი ანესთეზიის შემდეგ გარდაიცვალა.
„ნარკოზი გაუკეთეს. ვენაში შეუყვანეს. ბავშვმა ხელი დაიდო [ყელთან] და ვიხრჩობიო მითხრა. ერთი სიტყვა თქვა და თვალები გადაატრიალა. ნარკოზისტმა თქვა, რომ ეს იცის ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთ, მე ყველაფერს გავაკეთებო. გამომიშვეს. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. ძალით დაახრჩვეს. არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. გაგუდეს. ზედმეტი დოზა მისცეს. გარეთ მითხრეს, ოპერაციას შემდგომი გართულება მოჰყვაო. ჩემს ჩვილს გავხადე და ოპერაცია არ აქვს გაკეთებული. ქირურგია საერთოდ არ არის ჩატარებული", - უამბო ბავშვის დედამ ბაია ინჯგიამ ჟურნალისტებს, რომელიც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად კლინიკასთან იმყოფებოდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ამბროსის პერტიას განცხადებით, ბავშვს უტარდებოდა პედიატრიული, უროლოგიური ოპერაცია. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს:
„საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ", - თქვა პერტიამ.