"უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ქალისა და კაცის კავშირია და ომის პირობებში ვერ შევცვლით"
03/08/2022 08:00:17 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციისთვის შექმნილ პეტიციას გამოეხმაურა, რომელსაც 25 ათასზე მეტი მოქალაქე აწერდა ხელს.
ზელენსკი პეტიციის ავტორების საპასუხოდ წერს, რომ "უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში უკრაინის კონსტიტუცია ვერ შეიცვლება".
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პეტიციის ავტორებს სამოქალაქო აქტიურობისთვის და განაცხადა, რომ "თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება".
ზელენსკის თქმით, ყოველი მოქალაქე სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მას აქვს უკრაინის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება. შესაბამისად, მისი მთავრობა განიხილავს ვარიანტებს სამოქალაქო პარტნიორობის საკითხთან დაკავშირებით:
„უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვთხოვე უკრაინის პრემიერ-მინისტრს განეხილა ელექტრონულ პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და ეცნობებინა შესაბამისი შედეგების შესახებ“.


