გაერო – ომის შემდეგ ევროპის ქვეყნებში დროებითი თავშესაფარი უკრაინის 3 766 193 მოქალაქემ მოითხოვა
03/08/2022 07:49:39 მსოფლიო
გაერო–ს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ომის შემდეგ ევროპის ქვეყნებში დროებითი თავშესაფარი უკრაინის 3 766 193 მოქალაქემ მოითხოვა.
მისი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 24 თებერვლიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უკრაინიდან მოქალაქეთა გასვლის 10 290 039 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო ქვეყანაში შესვლის 4 230 116 შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, უკრაინიდან 6 180 345 მოქალაქეა გასული.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


