პენტაგონი: "შოიგუს განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინელებს 6 HIMARS გაუნადგურეს, აშკარა ტყუილია"
03/08/2022 06:00:02 მსოფლიო
პენტაგონში აცხადებენ, რომ "რუსეთის თავდაცვის მინისტრ სეგეი შოიგუს განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინელებს 6 ერთეული HIMARS გაუნადგურეს, აშკარა ტყუილია". შესაბამისი განცხადება პენტაგონის წარმომადგენელმა ტოდ ბრესეილმა გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინელები დიდი სიზუსტით და ეფექტურად იყენებენ ყველა სარაკეტო სისტემას, რომელიც აშშ-მა, მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გადასცეს კიევს რუსეთის სასტიკი შეჭრისგან თავის დასაცავად.
2 აგვისტოს შოიგუ ირწმუნებოდა, რომ "რუსმა სამხედროებმა უკრაინაში გაანადგურეს ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ის 6 გამშვები დანადგარი და 200-ზე მეტი რაკეტა".
შოიგუს განცხადება უკრაინის არმიის სარდლობამაც უარყო.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინას მიღებული აქვს 16 ერთეული HIMARS. უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემების გამოყენებით, ივლისიდან კონტრშეტევები დაიწყეს ქვეყნის სამხრეთშიც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, 6 ამერიკული სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ, რუსი სამხედროების დამშვიდების მცდელობად აფასებს.
ცენტრის ექსპერტების თქმით, უკრაინელების მიერ ამერიკული სისტემების ეფექტურად გამოყენება რუს სამხედროებში შეშფოთებას და დემორალიზებას იწვევს.


