ჩინეთი ტაივანის გარშემო წვრთნებს გამართავს
02/08/2022 17:12:22 მსოფლიო
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებს, მას შემდეგ, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია,– იუწყება ჩინეთის სამთავრობო მედიასაშუალება Global Times.
ამავე წყაროს ცნობით, ჩინეთის არმია ტაივანის გარშემო მდებარე 6 არეაში გამართავს სამხედრო წვრთნებს, რომელიც ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გაგრძელდება. საზღვაო და საჰაერო წვრთნები გაიმართება კუნძულის ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით. წვრთნების ფარგლებში ტაივანის სრუტეში გამოიყენებენ დიდი რადიუსის მქონე არტილერიას, გამოცდიან კონვენციურ რაკეტებს კუნძულის აღმოსავლეთით.
Global Times-ის ცნობით, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის საპირისპიროდ დაიწყებენ "ტარგეტირებული სამხედრო ოპერაციების სერიას".
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ
„ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და ტაივანის სეპარატისტულმა ძალებმა“, - განაცხადა, Global Times-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან კამბოჯაში შეხვედრას არ გეგმავს.


