ჩინეთის ავიაგამანადგურებლები ტაივანის სრუტეს კვეთენ, პელოსი ტაიპეიში ჩავიდა
02/08/2022 14:58:20 მსოფლიო
BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლები ტაივანის სრუტეს კვეთენ.
პარალელურად, როგორც ცნობილია, თვითმფრინავი, რომელსაც ნენსი პელოსი აზიაში ვიზიტების დროს იყენებდა, ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში მშვიდობიანად დაეშვა.
ნენსი პელოსი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ეწვია ტაივანს.
მანამდე Reuters იუწყებოდა, რომ აშშ-მა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა.
”მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ, რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ხომალდების ნორმალური, რუტინული განლაგება”, - განაცხადა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს. ჩინეთი და რუსეთი აცხადებენ, რომ თუ პელოსი ტაივას ეწვევა, ეს ვიზიტი "პროვოკაციად იქნება აღქმული".


