რუსეთმა უკრაინული პოლკი "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
02/08/2022 12:25:34 მსოფლიო
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული პოლკი "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობა აკრძალა.
დღეიდან ბატალიონის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ „ტერორისტული“ მუხლით. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისთვის, ხოლო ორგანიზატორებისთვის 15-დან 20 წლამდე.
შესაბამისი საჩივარი უზენაეს სასამართლოში რუსეთის გენერალურმა პროკურორმა შეიტანა.
უკრაინის ძალებმა, მათ შორის "აზოვის" დანაყოფის წევრებმა, მაისში დაასრულეს მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნის შენობის დაცვა და ჩაბარებას დათანხმდნენ. რუსმა სამხედროებმა "აზოვსტალის" დამცველი დაახლოებით, 2500-მდე მებრძოლი აიყვანეს ტყვედ. მათ ნაწილს რუსეთი ამყოფებდა დონეცკის დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონიაში, რომელიც 29 ივლისს დაიბომბა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 ადამიანი. უკრაინა და რუსეთი კოლონიაზე იერიშში ერთმანეთს ადანაშაულებენ.


