Accentnews.ge
ილია მეორე – გუდაურში დაღუპულებზე: "მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია"

ილია მეორე – გუდაურში დაღუპულებზე: "მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია"

02/08/2022 09:51:53 საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, -ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

პატრიარქმა იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომლებიც ტრაგედიას ემსხვერპლნენ და აღნიშნა, რომ მათი სულისთვის ლოცვა აღევლინება.

„აღვავლენთ მათი უკვდავი სულთათვის ლოცვებს, რათა მათ სავანესა მართალთასა განისვენონ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმა მოანიჭოს ურყევი რწმენა და სასოება მარადიული ცხოვრებისა, ლოცვის ძალა და მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე ხელისუფლების წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

გარდაცვლილებს 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და თავიანთ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ინსტრუქტორისა და ტურისტის დასახმარებლად გაეგზავრა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S