აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს
02/08/2022 06:14:45 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი პაკეტი მოიცავს საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ საკუთარი ქვეყნის დასცავად. მათ შორისაა 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS).
პენტაგონის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უკვე გაუწია საერთო ჯამში, დაახლოებით 8.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ "ესმის, რა საფრთხეა რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოსთვის".
"სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს", – აცხადებს ზელენსკი.
1 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმიამ აშშ-ისგან მიიღო კიდევ 4 სარაკეტო სისტემა HIMARS. უკრაინელი სამხედროები ამერიკულ სარაკეტო სისტემებს ივლისიდან, წარმატებით იყენებენ და მათი მეშვეობით კონტრშეტევები დაიწყეს ქვეყნის სამხრეთშიც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


