აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ "ალ-ქაედას" ლიდერი ლიკვიდირებულია
02/08/2022 06:05:21 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ ავღანეთში "ალ-ქაედას" ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ლიკვიდირებულია.
"მე დავპირდი ამერიკელ ხალხს, რომ ჩავატარებდით ეფექტურ კონტრტერორისტულ ოპერაციებს ავღანეთში და მის მიღმა. ჩვენ ეს გავაკეთეთ". - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე მიმართა ტერორისტებს:
"რა დროც არ უნდა დასჭირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცდილობთ დამალვას,.ჩვენ გიპოვით".
თეთრი სახლის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ–ერთ სახლზე, სადაც აიმან ალ-ზავაჰირი იმყოფებოდა, მაღალი სიზუსტის დარტყმა გასულ კვირას, 31 ივლისს განხორციელდა. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ალ-ზავაჰირის ოჯახის წევრებიდან არავინ დაშავებულა და მსხვერპლი არც ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაშია.
ეგვიპტელი ქირურგი აიმან ალ-ზავაჰირი კოორდინაციას უწევდა "ალ-ქაედას" მიერ აშშ-ში 2001 წელს განხორციელებულ ტერაქტებს, რომელთა შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ალ-ზავაჰირი დაჯგუფებას სათავეში 2011 წელს, ამერიკელების მიერ "ალ-ქაედას" ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ჩაუდგა. აშშ-ს აიმან ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფლის შესახებ სანდო ინფორმაციისთვის 25 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.


