ჩინეთი კვლავ გაფრთხილებით გამოდის
01/08/2022 11:39:07 მსოფლიო
ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით კვლავ აფრთხილებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა „სერიოზულ შედეგებს“ გამოიწვევს.
მისივე თქმით, ოფიციალური პეკინი მიიღებს გადამწყვეტ ზომებს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, ტაივანში პელოსის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა საკითხებში უხეში ჩარევა იქნება და „ერთი ჩინეთის“ პრინციპის წინასწარგანზრახული დარღვევა.
მისივე თქმით, ნენსი პელოსის ვიზიტი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საფრთხეს შეუქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში.
„ეს მიაყენებს სერიოზულ ზიანს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს და გამოიწვევს სერიოზულ მოვლენებს და შედეგებს“,- განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ნენსი პელოსის ტაიბეიში 2 აგვისტოს ელოდებიან.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ჩინეთი რუსეთის თხოვნიც ამწვავეს ვითარებას, რათა აშშ–ს უკრაინიდან ყურადღების გადატანა აიძულოს, ნაწილი კი აღნიშნულს შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს და ჩინეთის პრეზიდენტის მცდელობას უკავშირებს, შიდა პრობლემების ფონზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება საგარეო ფაქტორებზე მოახდინოს.


