
"გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100 000-100 000 ლარს გამოუყოფს"
01/08/2022 10:07:19 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100 000-100 000 ლარს გამოუყოფს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.